ანტისტრეს-გეგმა დეკემბრისთვის: 6 მცირე რიტუალი, რომელიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით
- 19.12.2025
დეკემბრის ბოლოს, როდესაც დედლაინები და დაღლილობა პიკს აღწევს, სადღესასწაულო განწყობა ხშირად სადღაც ქრება. თუმცა, ზოგჯერ სულ რაღაც 5 წუთი და რამდენიმე მარტივი მოქმედებაა საჭირო იმისთვის, რომ თავი უფრო მშვიდად და ბედნიერად იგრძნოთ.
Trend.ge წარმოგიდგენთ 6 მარტივ ხერხს საკუთარი თავის გასახალისებლად:
1. აანთეთ სანთელი და უბრალოდ დაჯექით მასთან ახლოს

ცეცხლი ნერვულ სისტემაზე მომენტალურად მოქმედებს. სანთლის თბილი შუქი ადუნებს მზერას და მთელ სხეულს. ადამიანის ტვინი საუკუნეების მანძილზე ცეცხლთან ყოფნას უსაფრთხოების სიგნალად აღიქვამს. გარდა ამისა, სანთელი პირდაპირ ასოცირდება ახალ წელთან, რაც მყუდრო ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ.
2. ჩართეთ მხოლოდ ერთი საახალწლო სიმღერა

ბგერები პირდაპირ ემოციებზე მოქმედებს. არ არის საჭირო გრძელი პლეილისტების შედგენა - საკმარისია ერთი კონკრეტული ტრეკი, რომელიც ბავშვობასთან ან სასიამოვნო მოგონებებთან გაკავშირებთ. იქნება ეს კლასიკური ჯაზი თუ ძველი საახალწლო მელოდია, 5 წუთი მუსიკასთან ერთად დაგარწმუნებთ, რომ მომენტი „აქ და ახლა“ უკვე საკმარისად კარგია.
3. „ჩართეთ“ ხელები: წვრილი მოტორიკის მაგია

ნებისმიერი მარტივი მოქმედება, რომელშიც ხელებია ჩართული, სწრაფად გაბრუნებთ აწმყოში. მანდარინის გაფცქვნა, არომატული ჩაის მომზადება, საჩუქრის ლამაზად შეფუთვა ან თუნდაც სუფრაზე ლამაზი ხელსახოცების გაშლა - ეს ყველაფერი ამშვიდებს. სანამ ხელები დაკავებულია, გონება წყვეტს შფოთვასა და საქმეების სიაზე ფიქრს.
4. მოირგეთ რაღაც ლამაზი და სრულიად არაპრაქტიკული
დღესასწაულები ის პერიოდია, როცა საკუთარ თავს ცოტაოდენი „ზედმეტობის“ უფლება უნდა მისცეთ.

სამკაული, რომელიც ყოველდღიურობისთვის მეტისმეტად პომპეზური გეჩვენებოდათ, მკვეთრი პომადა უმიზეზოდ ან ბრჭყვიალა წინდები - ეს წვრილმანები განწყობას მომენტალურად ცვლის, განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლიდან მუშაობთ.
5. უთხარით მიმავალ წელს ერთი „მადლობა“

აქ არ იგულისხმება მიღწევების გრძელი სიის შედგენა, რაც ხშირად დამატებით სტრესს გვიქმნის. საკმარისია ერთი კონკრეტული ფრაზა: მადლობა მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის, მიღებული გადაწყვეტილებისთვის ან იმისთვის, რომ რთული პერიოდი გადალახეთ. ეს სულ ერთ წუთს წაგართმევთ, მაგრამ შინაგან დაძაბულობას საგრძნობლად შეამცირებს.
6. გააკეთეთ კეთილი ჟესტი
ხშირად საახალწლო განწყობა სხვებთან კონტაქტისას მოდის. მისწერეთ მეგობარს თბილი სიტყვები, უთხარით კომპლიმენტი კოლეგას ან გაიღეთ მცირე ქველმოქმედება.

ასეთი ჟესტები თითქმის არ მოითხოვს დროს, მაგრამ იძლევა უზარმაზარ ემოციურ უკუკავშირს - თქვენ გრძნობთ, რომ რაღაც უფრო დიდის ნაწილი ხართ.
თემები: ახალი წელი, დეკემბერი
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია