LIFE

ქალი, რომელიც სხვას „არჩენს“: თანადამოკიდებულების ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციო

ქალი, რომელიც სხვას „არჩენს“: თანადამოკიდებულების ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციო

ყველა წყვილი ინდივიდუალურია და ის, რაც ერთისთვის ნორმაა, შესაძლოა მეორისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს. თუმცა, ჰარმონიული ურთიერთობა მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა ორივე პარტნიორის მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია. თუ სასწორი მხოლოდ ერთი მხარისკენ გადაიხარა, შესაძლოა „თანადამოკიდებულების“ მახეში აღმოჩნდეთ.

რა არის თანადამოკიდებულება?

ეს არის არაჯანსაღი ემოციური დამოკიდებულება, როდესაც ერთ ან ორივე პარტნიორს საკუთარი „მე“ დაკარგული აქვს. ფსიქოლოგიაში ასეთ დროს ერთი „მაშველის“ როლს ირგებს, მეორე კი - „დამხრჩვალის“.



ხშირად ეს მოდელი კულტურული სტერეოტიპებითაც არის განპირობებული, სადაც ქალი მიიჩნევა ოჯახის „ბურჯად“, რომელმაც ყველაფერი უნდა გაუძლოს და სხვისი პრობლემები საკუთარ მხრებზე გადაიტანოს.

საიდან მოდის პრობლემა: 5 მთავარი მიზეზი

  1. ბავშვობის ტრავმები: ემოციების იგნორირება ან სიმკაცრე მშობლების მხრიდან ხშირად დაბალ თვითშეფასებასა და სირცხვილის გრძნობას აყალიბებს.

  2. მიტოვების შიში: თუ ბავშვობაში სითბო გაკლდათ, ზრდასრულ ასაკში მუდმივად გაქვთ შიში, რომ პარტნიორი მიგატოვებთ.

  3. დისფუნქციური ოჯახი: გარემო, სადაც ემოციების გამოხატვა აკრძალული იყო.

  4. ჰიპერმზრუნველობა: მშობლების მხრიდან ზედმეტი კონტროლი ხელს უშლის დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას.

  5. პოსტტრავმული სტრესი (PTSD): თანადამოკიდებულება ზოგჯერ ტრავმასთან გამკლავების მექანიზმია.



9 ნიშანი იმისა, რომ თქვენს ურთიერთობაში პრობლემაა

გაეცანით ამ პუნქტებს და დააკვირდით, რამდენად ნაცნობია ისინი თქვენთვის:

  • პასუხისმგებლობა პარტნიორის ემოციებზე: გგონიათ, რომ მისი განწყობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თუ ის კარგადაა - თქვენც მშვიდად ხართ, თუ არა - შფოთვა გეწყებათ.

  • მაშველის“ სინდრომი: გრძნობთ, რომ თუ არ დაეხმარებით, ის დაიღუპება. აგვარებთ მის პრობლემებს საკუთარი რესურსების ხარჯზე.

  • ჩაკეტილი წრე: თქვენი ცხოვრება ასე გამოიყურება: დაძაბულობა - გადარჩენა - დროებითი შვება - ისევ დაძაბულობა.

  • ბუნდოვანი საზღვრები: ამბობთ „დიახ“, როცა სხეული გეუბნებათ „არას“. თანხმდებით ყველაფერს, ოღონდ პარტნიორი არ გააღიზიანოთ.

  • დაუკმაყოფილებელი საჭიროებები: აკეთებთ მაქსიმუმს, მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერს იღებთ. ურთიერთობაში ჰარმონიის ნაცვლად მხოლოდ შიშს გრძნობთ.

  • ფეხაკრებით სიარული“: მუდმივად აკონტროლებთ თქვენს სიტყვებსა და ქცევას, რომ პარტნიორის აგრესია ან უკმაყოფილება არ გამოიწვიოთ.

  • ემოციური „ამერიკული მთები“: მიჩვეული ხართ პარტნიორის განწყობის ცვლილებებზე ორიენტირებას და არა საკუთარ სურვილებზე.

  • სინდრომი „ჩვენ“: თქვენს ლექსიკაში გაქრა სიტყვა „მე“. ყველაფერს მხოლოდ მრავლობითში განიხილავთ, რაც ინდივიდუალობის დაკარგვის ნიშანია.

  • კონტაქტის დაკარგვა საკუთარ თავთან: აღარ იცით, რა გინდათ თქვენ. თქვენი ღირებულება მხოლოდ იმით განისაზღვრება, თუ რამდენად „საჭირო“ ხართ პარტნიორისთვის.

არის გამოსავალი?

გახსოვდეთ: თანადამოკიდებულება არ არის განაჩენი. ის არც კლინიკური დიაგნოზია და არც პიროვნული აშლილობა.



ეს არის ქცევის მოდელი, რომლის შეცვლაც შესაძლებელია. მთავარია პრობლემის გაცნობიერება და სურვილი, რომ დაიბრუნოთ საკუთარი თავი. ხშირ შემთხვევაში, ოჯახური ფსიქოთერაპია საუკეთესო გზაა როლებისა და საზღვრების ხელახლა დასაწესებლად.