LIFE

პრინცი ჰარი სასამართლო დარბაზში ატირდა: „მათ მეგანის ცხოვრება კოშმარად აქციეს“

პრინცი ჰარი სასამართლო დარბაზში ატირდა: „მათ მეგანის ცხოვრება კოშმარად აქციეს“

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარშემო სკანდალები არ ცხრება. პრინცი ჰარი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ლონდონში იმყოფება, Associated Newspapers Limited (ANL)-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას განაგრძობს.

21 იანვრის სხდომა კი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა - პრინცმა, რომელიც ცოლის, მეგან მარკლის უფლებებს იცავდა, ცრემლები ძლივს შეიკავა.

„ისინი ჩემს დევნას განაგრძობენ“

სასამართლო პროცესზე ჰარიმ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა, სადაც ბრიტანული ტაბლოიდები მისი ოჯახის ცხოვრების „მოწამვლაში“ დაადანაშაულა. პრინცის თქმით, ჟურნალისტების აგრესია მეგანის მიმართ ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, თუმცა სიტუაცია გაუსაძლისი გახდა ორსულობისა და პატარა არჩის დაბადების შემდეგ.



„მათ ჩემი ცოლის ცხოვრება ნამდვილ კოშმარად აქციეს“, - განაცხადა ჰარიმ აკანკალებული ხმით. თვითმხილველების თქმით, პრინცი იმდენად ემოციური იყო, რომ საუბრის დასასრულს ატირდა.

ემოციების კარუსელი: ღიმილიდან ცრემლებამდე

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სხდომის დაწყებამდე ჰარი სულ სხვა განწყობაზე ჩანდა. სასამართლოსთან შეკრებილ პაპარაცებს ის ღიმილით მიესალმა, ხელს უქნევდა და ხუმრობდა კიდეც. დარბაზში კი, როდესაც ადვოკატმა ჰკითხა, ისევ „თქვენო სამეფო უდიდებულესობად“ მოეხსენიებინათ თუ არა, მან სიცილით უპასუხა, რომ უბრალოდ „პრინცი ჰარიც“ საკმარისი იქნებოდა.



მისი განწყობა რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც მოწინააღმდეგე მხარის იურისტებმა კითხვების დასმა დაიწყეს.

ვინ არის „Mr Mischief“ და რა კავშირი აქვს ჰარის ყოფილ შეყვარებულთან?

სასამართლოზე გაჟღერდა სკანდალური ინფორმაცია პრინცის წარსულიდანაც. საუბარია მის ყოფილ სიყვარულზე, ჩელსი დევიზე. ჰარი ამტკიცებს, რომ ტაბლოიდების მიერ ინფორმაციის უკანონო მოპოვებამ (მოსმენებმა და თვალთვალმა) მათ ურთიერთობას დიდი ზიანი მიაყენა და ჩელსი მუდმივ შიშში ცხოვრობდა.



თუმცა, მეორე მხარე ამტკიცებს, რომ თავად ჰარიც არ იყო „ანგელოზი“. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ფარული ფსევდონიმით - "Mr Mischief" (მისტერ ოინი) - მიმოწერას აწარმოებდა ჟურნალისტ შარლოტა გრიფიტსთან და მას ინსაიდერულ ამბებსაც უზიარებდა. თავად ჰარი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

გამარჯვების მოლოდინში

მიუხედავად დარბაზში დაღვრილი ცრემლებისა, ჰარი დარწმუნებულია, რომ სიმართლე მის მხარესაა. სასამართლო შენობის დატოვებისას, კითხვაზე - „როგორ ჩაიარა დღემ?“, მან მოკლედ და ოპტიმისტურად უპასუხა: ფანტასტიკურად!“

შეგახსენებთ, რომ ამ მასშტაბურ დავაში ჰარისთან ერთად ისეთი ვარსკვლავებიც მონაწილეობენ, როგორებიც არიან ელტონ ჯონი და ელიზაბეთ ჰერლი. დავა 1993-2011 წლებში გამოქვეყნებულ სტატიებსა და ინფორმაციის მოპოვების უკანონო მეთოდებს ეხება.