ინტრიგები, „ოსკარი“ და სამეფო სკანდალები: რას გვიმზადებს 2026 წლის პოპ-კულტურა?
- 23.01.2026
2026 წელი ისე ამბიციურად დაიწყო, რომ ჰოლივუდის ყველაზე გამოცდილი პაპარაცებიც კი გაოცებულები არიან. დასავლური ტაბლოიდები უკვე აქტიურად ადგენენ იმ მოვლენების სიას, რომლებიც წელს ინტერნეტს ააფეთქებს - ვარსკვლავები უფრო თამამები გახდნენ, მათი ცხოვრება კი სრულიად მოულოდნელ სიურპრიზებს გვიმზადებს.
ტიმოთი შალამესა და კაილი ჯენერის შესაძლო ქორწილიდან დაწყებული, ჩარლი XCX-ის შოკისმომგვრელი გადაწყვეტილებით დამთავრებული - გაგაცნობთ 5 მთავარ პროგნოზს, რომლებსაც წელს გვერდს ვერ აუვლით
1. ტიმოთი შალამეს პირველი „ოსკარი“

მთელი კინოსამყარო 16 მარტის მოლოდინშია. მიუხედავად ლეონარდო დიკაპრიოსადმი დიდი სიყვარულისა, კრიტიკოსები თანხმდებიან: ფილმი „მარტი დიდებული“ (Marty Supreme) წლევანდელი სეზონის ფავორიტია. ტიმოთის თაროზე უკვე დევს „ოქროს გლობუსი“, ახლა კი ჯერი აკადემიის უმაღლეს ჯილდოზეა. 22 იანვარს ის ოფიციალურად დასახელდა ნომინანტებს შორის.
2. კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე: ბავშვი თუ ქორწილი?
ჰეითერების ჯინაზე, წყვილი არა მხოლოდ ერთადაა, არამედ შესაძლოა, საერთო შვილსაც ელოდებიან. ჟურნალ Vogue-თან ინტერვიუში ტიმოთიმ ორაზროვნად მიანიშნა, რომ მამობა მის „რადარზე“ უკვე გამოჩნდა. წარმოიდგინეთ კაილი ჯენერ-შალამე „ოსკარის“ დაჯილდოებაზე ორსული მუცლით - ეს ნამდვილად წლის მთავარი პერფორმანსი იქნება!
3. სიდნი სუინი რეპუტაციას იბრუნებს
2025 წელი სიდნისთვის რთული გამოდგა - სკანდალები, ჩავარდნილი პროექტები და „ეიფორიის“ კოლეგებთან, განსაკუთრებით კი ზენდეიასთან გაფუჭებული ურთიერთობა. ამბობენ, რომ სიდნი ზენდეიას საქმროს, ტომ ჰოლანდს ეარშიყებოდა. თუმცა, 2026 წელი მისთვის წარმატებით დაიწყო: თრილერმა „მოსამსახურე“ (The Maid) და 12 აპრილს დაგეგმილმა „ეიფორიის“ მესამე სეზონმა მსახიობს ძველი პოპულარობა უნდა დაუბრუნოს.
4. Charli XCX მუსიკიდან კინოში მიდის?
ფანები ნერვიულობენ: პოპ-ვარსკვლავმა ბოლო დროს იმდენი კინოროლი მოირგო, რომ სტუდიაში მისასვლელად დრო აღარ რჩება. ვარაუდობენ, რომ 2026 წლის შუა რიცხვებში ჩარლი სენსაციურ ინტერვიუს მისცემს სათაურით: „მუსიკაზე მეტი მჭირდება“ და სამსახიობო კარიერაზე გადაერთვება.
5. ბიონსეს ქალიშვილის დებიუტი Met Gala-ზე
ბლუ აივი უკვე 14 წლისაა! 10-წლიანი პაუზის შემდეგ ბიონსე Met Gala-ს თანათავმჯდომარის ამპლუაში ბრუნდება და ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ის წითელ ხალიჩაზე თავის მემკვიდრესთან ერთად გამოჩნდება. მეტიც, ვრცელდება ხმები, რომ ბიონსეს ახალი ალბომი „IV“ სინამდვილეში ბლუ აივის მუსიკალური დებიუტია.
თემები: პროგნოზი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია


