LIFE

„ის ნამდვილი მონსტრია, 100%-ით გაფუჭებული ვაშლი“ – ნიკოლა პელტცის ყოფილი სტილისტი ბექჰემების ოჯახის დანგრევაში პატარძალს ადანაშაულებს

„ის ნამდვილი მონსტრია, 100%-ით გაფუჭებული ვაშლი“ – ნიკოლა პელტცის ყოფილი სტილისტი ბექჰემების ოჯახის დანგრევაში პატარძალს ადანაშაულებს

ბექჰემების ოჯახური განხეთქილება ახალ ფაზაში გადადის. მას შემდეგ, რაც ბრუკლინ ბექჰემმა მშობლების წინააღმდეგ სკანდალური ინტერვიუ მისცა, საქმეში ჰოლივუდის ვარსკვლავური სტილისტი, ჯასტინ ანდერსონი ჩაერია. ანდერსონმა, რომელიც წლების წინ ნიკოლა პელტცთან მუშაობდა, Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვებში მილიარდერის ქალიშვილი მიწასთან გასწორა.

„ვიცოდი, რომ ეს ქორწინება ბექჰემებს კარგს არაფერს მოუტანდა“

ჯასტინ ანდერსონი, რომელიც ჯენიფერ ენისტონის, მაილი საირუსისა და კეტი პერის ახლო მეგობარი და სტილისტია, ნიკოლასთან 2014 წელს,„ტრანსფორმერების“ პრეს-ტურის დროს თანამშრომლობდა. სტილისტი იხსენებს, რომ როდესაც პირველად გაიგო ბრუკლინისა და ნიკოლას ნიშნობის შესახებ, მაშინვე ცუდი წინათგრძნობა გაუჩნდა:



„ოჰ, ღმერთო, ეს ამ ოჯახისთვის კარგად არ დამთავრდება. მაშინვე ვიგრძენი საშინელი, თითქოს მისტიკური ენერგია. როდესაც ადამიანი არ არის კარგი, ეს ადრე თუ გვიან ყოველთვის მჟღავნდება. ამას ვერ დამალავ“, - აცხადებს ანდერსონი.

„ყველაზე საშინელი სელებრითი, ვისთანაც კი მიმუშავია“

სტილისტის თქმით, ნიკოლა პელტცი არის „ყველაზე უარესი უარესთა შორის“ და მასთან მუშაობა ნამდვილი კოშმარი იყო. ანდერსონმა მას პირდაპირ უწოდა „100%-ით გაფუჭებული ვაშლი“ და აღნიშნა, რომ გოგონა თავის სასარგებლოდ მანიპულირებს ბრუკლინით.



„ბრუკლინი ახლა იმას ამბობს, რასაც ცოლი კარნახობს. ის ნამდვილი მონსტრია. მე ვიცი, რატომაც გააკეთა ბრუკლინმა ეს განცხადებები - ნიკოლა მას აქეზებს, რომ მშობლები ცუდად გამოიყვანოს, რათა თავად “ბოროტმოქმედის“ როლში არ აღმოჩნდეს“.

ანდერსონი ასევე გამოეხმაურა ნიკოლას ბრალდებას, თითქოს მან ვარსკვლავს თმა „დაუწვა“: „თუ დააკვირდებით, რამდენი ქორწილის ორგანიზატორი თუ ასისტენტი გამოიცვალა მან, მიხვდებით, რომ პრობლემა მხოლოდ მასშია და არა სხვა ადამიანებში“.

სკანდალი ანვარ ჰადიდის ირგვლივ  - „ისტორია მეორდება?“

დასავლურ მედიაში (The Daily Mail, Page Six) ანდერსონის განცხადებებს დიდი რეზონანსი მოჰყვა. სოციალურ ქსელებში მომხმარებლებმა გაიხსენეს ნიკოლას რომანი ანვარ ჰადიდთან (ჯიჯი და ბელა ჰადიდების ძმა). მაშინაც ამბობდნენ, რომ პელტცმა ანვარი საკუთარ ოჯახს დააშორა და მათ შორის განხეთქილება შეიტანა. „ისტორია მეორდება, ახლა მან ბრუკლინი ამოიღო მიზანში“, - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

პელტცების პასუხი და ვიქტორია ბექჰემის შოკი

ნიკოლასთან დაახლოებული პირები Page Six-თან აცხადებენ, რომ სტილისტი უბრალოდ „ხუთწუთიან პოპულარობას“ ეძებს და ბოღმას იმის გამო ანთხევს, რომ თავის დროზე სამსახურიდან დაითხოვეს.
ამასობაში, ინსაიდერების თქმით, ვიქტორია ბექჰემი „სრულ შოკშია“. მას არ სჯერა, რომ საკუთარმა შვილმა საჯაროდ დაადანაშაულა ის „ყალბი იმიჯის“ შექმნაში. დევიდ ბექჰემი კი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა კონფლიქტის ჩახშობას, ამჯერად მეუღლის მხარეს იჭერს და შვილის ქმედებებს „დაუფიქრებელს“ უწოდებს.