„დავიღალე შიშველი სიარულით“ - ბიანკა ცენზორი კანიე უესტთან ქორწინებაზე, სკანდალურ იმიჯსა და ვენეციის ინციდენტზე პირველად ალაპარაკდა
- 07.02.2026
მსოფლიოს ყველაზე სკანდალურმა მოდელმა, ბიანკა ცენზორიმ, რომელიც საზოგადოების წინაშე თითქმის ყოველთვის ნახევრად შიშველი ჩნდება, დუმილი დაარღვია. გამოცემა Vanity Fair-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში მან კანიე უესტთან თანაცხოვრებისა და იმ „შიშველი“ გამოსვლების შესახებ ისაუბრა, რომლებმაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.
„ეს ჩემი შემოქმედებითი პროცესია“
მოდელმა ინტერვიუში განაცხადა, რომ „დაიღალა შიშველი ყოფნით“. თუმცა, იქვე განმარტავს, რომ მისი თითოეული სკანდალური იმიჯი არა კანიეს აკრძალვა ან ბრძანება, არამედ მისი, როგორც ხელოვანის, პირადი შემოქმედებითი პროცესი იყო.
„აქამდე ყველგან შიშველი ვიყავი. მე არასოდეს დისტანცირებულვარ ამისგან, უბრალოდ ერთსა და იმავე იმიჯებს ვამრავლებდი. მე და ჩემი ქმარი ერთად ვმუშაობდით ჩემს ჩაცმულობაზე. ეს იყო თანამშრომლობა და არა ბრძანება — მე არასოდეს ჩავიცვამდი იმას, რაც არ მინდა“, - ამბობს ბიანკა.
მოდელმა ასევე უარყო ხმები, თითქოს 2025 წლის „გრემის“ დაჯილდოებაზე სრულიად გამჭვირვალე კაბა კანიეს დაძალებით ჩაიცვა. მისი თქმით, ის აბსოლუტურად გულგრილია იმ კრიტიკის მიმართ, რომელიც მის სამოსს „იაფფასიანს“ უწოდებს.

ვენეციის სკანდალი და მამა
ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბიანკამ თავი დამცირებულად იგრძნო, 2023 წელს ვენეციაში მომხდარი ინციდენტია. მაშინ წყვილს წყლის ტაქსიში უხამსი ქმედებების გამო დასდეს ბრალი. მოდელი აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა, თუმცა პრესის რეაქციამ მასზე მტკივნეულად იმოქმედა: „ეს ყველაფერი მამაჩემს შეიძლებოდა წაეკითხა, სწორედ ამის გამო განვიცადე სირცხვილი“.
მიუხედავად ამისა, ბიანკა ამაყობს, რომ 2025 წელს „გუგლში“ ყველაზე ხშირად მოძებნილი ადამიანი გახდა.
„კანიე ჩემი ნაწილია“
ცენზორი მეუღლეზე დიდი სიყვარულით საუბრობს და მას ჯანი ვერსაჩეს ადარებს. მისი თქმით, კანიეს სკანდალური და ანტისემიტური განცხადებები მისთვის მისაღები არ არის, თუმცა ქმარს მაინც მხარს უჭერს.
„მე ის მიყვარს... ძალიან მიყვარს. მას სჭირდება ამ შეცდომების გზის გავლა, მე კი მის გვერდით ვიქნები“.

ბიანკამ ასევე დაადასტურა, რომ კანიემ სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის კურსი გაიარა. საინტერესოა, რომ მასთან ერთად კლინიკაში თავად ბიანკაც იმყოფებოდა, რათა მეუღლეს გვერდით დასდგომოდა.
როგორ არჩევს პერსონალს სკანდალური წყვილი?
ინტერვიუში ბიანკამ ყოფილ თანამშრომლებთან დაკავშირებულ დავებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახლა, როცა ახალ პერსონალს ქირაობს, პირველივე გასაუბრებაზე აზუსტებს მათ დამოკიდებულებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიშიშვლე, რათა მომავალში გაუგებრობები თავიდან აიცილონ.
თემები: შოუ-ბიზნესი