4 შვილის დედა და სუპერმოდელი: მირანდა კერის „მკაცრი“ დღის განრიგი - ვახშამი 16:30-ზე და დილის მედიტაცია შვილებთან ერთად
- 08.02.2026
42 წლის ავსტრალიელი სუპერმოდელი, მირანდა კერი, ყოველთვის გამოირჩეოდა იდეალური კანითა და ენერგიით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფრის უკან არა მხოლოდ გენეტიკა, არამედ რკინისებური დისციპლინა დგას. ახალ ინტერვიუში მოდელმა თავისი დღის განრიგის შესახებ ისაუბრა, რომელიც ბევრისთვის შესაძლოა წარმოუდგენლადაც კი ჟღერდეს.
დილა 5:00 საათზე იწყება
მირანდა ნამდვილი „ტოროლაა“. ის დილის 5:00 საათზე იღვიძებს, რათა მზის ამოსვლას საკუთარი საძინებლიდან შეხვდეს. მისი თქმით, ეს ეხმარება შინაგანი საათის ბუნებრივად ბალანსში მოყვანას. დილას იწყებს ე.წ. „ვედური დატენვით“, რაც იოგას პოზებისა და სუნთქვითი ვარჯიშების კომბინაციაა.

სანამ ოჯახის წევრები გაიღვიძებენ, ის ასწრებს ლიმნიანი წყლის და ნიახურის წვენის დალევას, რასაც ერთი ჭიქა ყავით ასრულებს.
მედიტაცია 15 წლის შვილთან ერთად
მირანდას განსაკუთრებული ტრადიცია აქვს - დილის 6:00 საათზე ის უფროს ვაჟთან, ფლინთან (რომელიც ორლანდო ბლუმთან ქორწინებიდან ჰყავს) ერთად მედიტირებს. მოდელმა ვედური მედიტაცია სამივე უფროს ვაჟს ასწავლა.

„ჩემმა შვილებმა, პატარას გარდა, ყველამ იცის მედიტაცია. ფლინმა წელს მითხრა: დედა, მინდა ყოველ დილით 6:00-ზე შენთან ერთად ვიმედიტიროო. ის თავად ამჩნევს, რომ იმ დღეებში ბევრად მშვიდია“, - ამბობს მირანდა.
ადრეული ვახშამი და ძილი
თუ ფიქრობთ, რომ ვახშამი 18:00 ან 19:00 საათზე ადრეა, მირანდა კერი გაგაოცებთ. მისი ოჯახი ვახშამს 16:30-ზე მიირთმევს. 17:00 საათიდან მთელ სახლში შუქები ინთება და მშვიდი მუსიკა ირთვება, რათა ბავშვები ძილისთვის მომზადდნენ. პატარა პიერი 17:30-ზე უკვე საწოლშია, თავად მირანდა კი 20:30-ზე იძინებს.

მირანდას 10-პუნქტიანი ყოველდღიური რუტინა:
-
გაღვიძება 5:00-ზე მზის ამოსვლის სანახავად.
-
ლიმნიანი წყალი, ნიახურის წვენი და ყავა.
-
იოგა და სუნთქვითი ვარჯიშები.
-
მედიტაცია 15 წლის ვაჟთან ერთად.
-
ლაზერული თერაპია სხეულისა და სახისთვის (15 წთ).
-
კანის მოვლის სრული რუტინა.
-
ვახშამი 16:30-ზე.
-
დამამშვიდებელი მუსიკა და მშვიდი განათება სახლში.
-
ლაზერული თერაპიის მეორე რაუნდი ძილის წინ.
-
დაძინება 21:00-ზე (მაქსიმუმ).
ბებია იდეალური კანით
მოდელი არ მალავს, რომ მისი მთავარი მიზანია, იყოს „ბებია საუკეთესო კანით“.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა მხოლოდ ნატურალურ მოვლას ანიჭებს უპირატესობას, ის არ გამორიცხავს, რომ მომავალში პლასტიკურ ქირურგიასაც მიმართოს. „არასოდეს თქვა არასოდეს, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი რუტინით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - აღნიშნავს ის.
თემები: რჩევები, მირანდა კერი
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია