„სარკეში ჩახედვის მეშინოდა“ – რას ნანობენ სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი და სხვა ლეგენდები
- 13.02.2026
ისინი მდიდრები, წარმატებულები და პოპულარულები არიან. მათ მთელი მსოფლიო შეჰყურებს შურით, თუმცა პოდიუმის ბრწყინვალების მიღმა ხშირად დიდი სინანული იმალება. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ქალებსაც აქვთ ისეთი მომენტები წარსულიდან, რომელთა შეცვლასაც დღეს დიდი სიამოვნებით ისურვებდნენ.
გთავაზობთ იმ გულახდილ აღიარებებს, რომლებიც ამტკიცებს, რომ სრულყოფილება მხოლოდ ილუზიაა.
სინდი კროუფორდი: შიშველი კადრები და დაკარგული გართობა
90-იანი წლების სიმბოლომ, სინდი კროუფორდმა, ჯერ კიდევ 2018 წელს აღიარა, რომ მისი ცხოვრების მთავარი სინანული ზედმეტად თამამი ფოტოებია. კარიერის პიკზე ის ხშირად თანხმდებოდა შიშველ ფოტოგრაფიას, რაზეც დღეს სხვანაირად ფიქრობს: „ბევრჯერ გადამიღეს შიშველი. ვნანობ, რომ დავყევი დაჟინებულ თხოვნას და ამაზე დავთანხმდი“.

გარდა ამისა, სინდი წუხს, რომ ახალგაზრდობაში ზედმეტად „სწორი“ იყო. სანამ მისი კოლეგები ღამის კლუბებში ერთობოდნენ, ის წიგნებთან ათენებდა ღამეებს. საკუთარ მემუარებში იგი წერს, რომ ისურვებდა, უფრო გაბედული ყოფილიყო და მეტად ესარგებლა იმ თავისუფლებით, რასაც ახალგაზრდობა სთავაზობდა.
ლინდა ევანგელისტა: საბედისწერო პაუზა
ლინდასთვის სინანული ფიზიკურ ტკივილთან და კარიერის იძულებით შეწყვეტასთან ასოცირდება. 2015 წელს მან რისკიან კოსმეტიკურ პროცედურას მიმართა ცხიმოვანი ქსოვილის შესამცირებლად, თუმცა შედეგი სავალალო აღმოჩნდა - მისმა სხეულმა უკურეაქცია მოახდინა.

ამან მოდელი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო: „თერაპიას გავდივარ, რომ საკუთარი თავი კვლავ მომეწონოს, მაგრამ სარკეში ჩახედვას მაინც ვერიდები“. საბედნიეროდ, ბოლო წლებში ევანგელისტა ინდუსტრიას დაუბრუნდა და საკუთარი ტრავმის ხმამაღლა საუბრით ათასობით ქალს მისცა მოტივაცია.
ნაომი კემპბელი: წარმატების ფასი
„შავი პანტერა“ ყოველთვის თავდაჯერებულობით გამოირჩეოდა, თუმცა 2021 წელს The Cut-თან ინტერვიუში ის ყველაზე სენსიტიურ თემას შეეხო. ნაომის თქმით, კარიერის გამო მან პირადი ბედნიერება მსხვერპლად გაიღო.

„მთავარი მსხვერპლი იმ „მონათესავე სულის“ პოვნაა, რომელიც ბოლომდე გაგიგებს“, - ამბობდა ის. მიუხედავად იმისა, რომ ნაომიმ დედობის ბედნიერება 40 წლის შემდეგ გამოსცადა, ის მაინც აღიარებს, რომ ძლიერი ხასიათის მიღმა ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, რომელსაც ურთიერთობებში დათმობებზე წასვლა ყოველთვის უჭირდა.
ჟიზელ ბიუნდჰენი: სხვის სხეულში გამოკეტილი
თითქოს ჟიზელს არაფერი აქვს დასაწუნი, მაგრამ 2015 წელს გაკეთებულმა მამოპლასტიკამ მას დიდი დისკომფორტი შეუქმნა. მოდელი იხსენებს, რომ ოპერაციის შემდეგ საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა.

„მთელი წლის განმავლობაში ტომარასავით ტანსაცმელს ვატარებდი, რადგან საკუთარ სხეულში თავს უცხოდ ვგრძნობდი“. დღეს ჟიზელი კვლავ ჰარმონიაშია საკუთარ თავთან და უპირატესობას ბუნებრიობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს ანიჭებს.
ქეით მოსი: ერთი ფრაზის სიმძიმე
ქეით მოსის ცხოვრება სკანდალების გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ის ყველაზე მეტად 2009 წელს ნათქვამ ფრაზას ნანობს: „არაფერია იმაზე გემრიელი, ვიდრე სიგამხდრის შეგრძნება“. ამ სიტყვების გამო მას კვებითი აშლილობის პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ.

ცხრა წლის შემდეგ ქეითმა აღიარა, რომ ეს მხოლოდ „მორიგი ფრაზა“ იყო, რომელსაც მეგობრებში ხუმრობით იყენებდნენ. დღეს ის აღიარებს, რომ სამყარო შეიცვალა და მოდის ინდუსტრიაში მრავალფეროვნების დამკვიდრება საუკეთესო რამაა, რაც კი მომხდარა.
თემები: მსოფლიო მოდელები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია