LIFE

ეშმაკის პიარმენეჯერი: როგორ ცდილობდა პეგი სიგალი პედოფილიაში ბრალდებული მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის გადარჩენას

ეშმაკის პიარმენეჯერი: როგორ ცდილობდა პეგი სიგალი პედოფილიაში ბრალდებული მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის გადარჩენას

ისინი მას „ეშმაკის ადვოკატს“ უწოდებდნენ. პეგი სიგალი - გავლენიანი პიარ-სპეციალისტი და The New York Times-ის ყოფილი რედაქტორი, წლების განმავლობაში ზრუნავდა იმაზე, რომ მსოფლიოს ყველაზე სკანდალური მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის რეპუტაცია პირველი პატიმრობის შემდეგაც „სუფთა“ ყოფილიყო.

რეაბილიტაცია სენ-ტროპედან

ჯეფრი ეპშტეინის გარშემო პირველი სკანდალი ჯერ კიდევ 2005 წელს აგორდა. სამი წლის შემდეგ ის არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩართვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ციხიდან 13 თვეში გამოვიდა. გასაკვირია, რომ სისხლის სამართლის სასჯელს ხელი არ შეუშლია ფინანსისტისთვის, ძველ, ელიტურ წრეს დაბრუნებოდა. ამაში ლომის წვლილი სწორედ პეგი სიგალს მიუძღვის.

გამოცემა Variety-ის ინფორმაციით, სიგალი ეპშტეინის რეპუტაციაზე დისტანციურად, სენ-ტროპედან მუშაობდა. მათი ურთიერთობა იმდენად ახლო იყო, რომ გათავისუფლებისთანავე პეგიმ მილიარდერს ჰკითხა, თუ როგორ ჩაიარა მისმა პირველმა შხაპმა და საუზმემ თავისუფლებაზე. ამ მოვლენის აღსანიშნავად პიარმენეჯერმა სიმბოლურად ზოლიანი პიჟამოც კი ჩაიცვა, როგორც პატიმართა ფორმის ანალოგი.

„ნანოწამში დავთანხმდებოდი“: შოკისმომგვრელი მიმოწერა

მათი სიახლოვის კიდევ ერთი დასტურია ეპშტეინის თხოვნა - პეგის მისთვის ისეთი ქალი უნდა ეპოვა, რომელიც შვილს გაუჩენდა. სიგალმა ეს წინადადება აღფრთოვანებით მიიღო და მისწერა, რომ „102 წლის რომ არ იყოს“ (იმ დროს ის 64-ის იყო), ამაზე „ნანოწამში დათანხმდებოდა“.

ეპშტეინი პასუხობდა: „მე მჭირდება საუკეთესო გენები: ჭკვიანი, ლამაზი, მხიარული. შენ რომ 40 წლით უმცროსი იყო...“
საპასუხოდ სიგალი დაჰპირდა, რომ იპოვიდა „ევროპელ ინტელექტუალს“, სავარაუდოდ, სტუდენტს, რადგან „დამწყები სოციალური ლედი“ მათ ვარიანტს არ წარმოადგენდა.

გეგმა: როგორ დავაბრუნოთ მონსტრი მაღალ საზოგადოებაში

სიგალის მთავარი ამოცანა ეპშტეინის ელიტაში რეინტეგრაცია იყო. ის ურჩევდა მილიარდერს, ემოქმედა ნელა, დარჩენილიყო ჩრდილში და საკუთარ მდიდრულ სახლში მოეწყო წვეულებები, სადაც მიიწვევდნენ გავლენიან პოლიტიკოსებს, სამხედრო პირებს, ვუდი ალენს, პრინც ენდრიუს და სხვებს.

სანაცვლოდ, ეპშტეინი პეგის მდიდრულად ასაჩუქრებდა: Cartier-ის საათები, კანის კინოფესტივალის ხარჯების დაფარვა და ათეულობით ათასი დოლარი „გაურკვეველი მომსახურებისთვის“. მიუხედავად იმისა, რომ სიგალი ამტკიცებს, თითქოს მათი კონტაქტი 2017 წელს შეწყდა, ფაქტები სხვაზე მეტყველებს.

„ბავშვს ჩამოგიყვან აფრიკიდან“

ყველაზე შემაძრწუნებელი მიმოწერა Daily Mail-მა გაასაჯაროვა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ფაილებში ჩანს, რომ აფრიკაში მოგზაურობისას პეგიმ ეპშტეინს მისწერა:

„შემიძლია პატარა ბავშვი ჩამოგიყვანო... ან ორიც. ბიჭები გინდა თუ გოგოები? ძალიან მადონას სტილშია“. ჯერჯერობით დაუდგენელია, ეს იყო ბოროტი ხუმრობა თუ რეალური შეთავაზება, თუმცა კონტექსტის გათვალისწინებით, მიმოწერა შემზარავად ჟღერს.

დაუმუშავებელი შეკვეთები და კარიერის დასასრული

პეგი ყოველთვის ვერ ახერხებდა კლიენტის კაპრიზების შესრულებას. ერთხელ ეპშტეინმა მოითხოვა „ოსკარის“ დაჯილდოებაზე ენ ჰეთეუეისთან, ჰიუ ჯეკმანთან და ჯესიკა ჩესტეინთან ერთად კერძო თვითმფრინავით გაფრენა. მიუხედავად სიგალის მცდელობისა, ვარსკვლავებთან შეხვედრა არ შედგა.

როდესაც 2019 წელს ეპშტეინი მეორედ დააკავეს ტრეფიკინგისა და სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით, სიგალმა მაშინვე უარყო მასთან კავშირი. ის აცხადებდა, რომ მილიარდერის სახლში მხოლოდ ორჯერ იმყოფებოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა მის კრიმინალურ საქმიანობაზე.

დღეს პეგი სიგალი საკუთარ თავს „მსხვერპლს“ უწოდებს, რომელიც მედიამ გაანადგურა და მეგობრებმა მიატოვეს. სკანდალის შემდეგ მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს ისეთმა გიგანტებმა, როგორიცაა Netflix და FX.

შეგახსენებთ, რომ ჯეფრი ეპშტეინი 2019 წლის აგვისტოში ციხის საკანში მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, ეს თვითმკვლელობა იყო, თუმცა გამოძიება დღემდე გრძელდება და 2026 წლის დასაწყისში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ საქმის კიდევ 3 მილიონი ფაილი გაასაჯაროვა.


სტატია მომზადებულია უახლესი საგამოძიებო მასალების მიხედვით.