Wizz Air დასახელდა Routes Europe 2026-ის ოფიციალურ ავიაგადამყვანად
- 24.03.2026
Wizz Air, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი და იტალიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია, Routes Europe-ის ოფიციალურ ავიაგადამყვანად დასახელდა. ღონისძიება წარმოადგენს რეგიონში ავიამარშრუტების განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას. Routes Europe აერთიანებს ავიაკომპანიებს, აეროპორტებსა და ტურისტულ მიმართულებებს, რათა ერთად განსაზღვრონ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ საჰაერო კავშირების მომავალი. 2026 წლის ღონისძიება გაიმართება რიმინიში, იტალიაში, 18–20 მაისს.
დღეს, Wizz Air მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ავიაკომპანიად მიიჩნევა, რომელიც ფართო ქსელის მეშვეობით აკავშირებს ქალაქებს, ქვეყნებსა და ეკონომიკებს ევროპასა თუ მის ფარგლებს გარეთ. მისი ულტრა დაბალბიუჯეტიანი მოდელი, ფოკუსი ოპერაციულ ეფექტიანობასა და ციფრულ ინოვაციებზე, მილიონობით ადამიანისთვის საჰაერო მგზავრობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის.
ავიაკომპანია აქტიურად აგრძელებს რეგიონში გაფართოებას. 2025 წელს Wizz Air-ის მგზავრთა რაოდენობა გაიზარდა 9.4%-ით და დაემატა ახალი მიმართულებებიც, რომლებიც ქსელის კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად. იტალია კვლავ რჩება სტრატეგიული ზრდის ერთ-ერთ მთავარ ბაზრად — გასულ წელს ქვეყანაში 19 მილიონმა მგზავრმა აირჩია Wizz Air. ამჟამად ავიაკომპანია ოპერირებს 280-ზე მეტი მარშრუტით, რომლებიც მოგზაურებს იტალიიდან 90-ზე მეტ მიმართულებასთან აკავშირებს. ამგვარმა მასშტაბურმა განვითარებამ კომპანიას იტალიურ ბაზარზე სიდიდით მეორე ავიაკომპანიის პოზიცია განუმტკიცა.
კომპანიის ფართო ქსელი მნიშვნელოვნად აძლიერებს კავშირს იტალიის რეგიონებსა და ევროპულ თუ საერთაშორისო ბაზრებს შორის, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, რეგიონულ მობილობასა და ეკონომიკურ ზრდას. სტრატეგიული გაფართოების ფარგლებში, Wizz Air, რომელმაც რიმინიდან ოპერირება 2022 წელს დაიწყო, აანონსებს ახალ მიმართულებებს კატოვიცეში, სოფიაში, ვარშავაში, კიშინიოვში, ბუდაპეშტსა და ტირანაში. ამასთან, 2026 წელს კომპანია იტალიაში ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ფრენების განრიგს დანერგავს.
Wizz Air ოპერირებს თანამედროვე ფლოტით, რომელიც ძირითადად Airbus A321neo ტიპის თვითმფრინავებისგან შედგება. აღნიშნული მოდელები საწვავის მოხმარების თვალსაზრისით უფრო ეფექტიანია და ამცირებს საწვავის მოხმარებასა და ემისიებს მგზავრ-კილომეტრზე. შედეგად, კომპანია ევროპულ ავიაციაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი CO₂ ემისიის მაჩვენებლით გამოირჩევა.
ტექნოლოგიებსა და მომხმარებელთა გამოცდილებაში ინვესტიციებთან ერთად, ეს მხარს უჭერს Wizz Air-ის მიზანს, შეინარჩუნოს საიმედო ოპერაციები და დაბალი ტარიფები.
Wizz Air-ის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ Routes Europe-ის კონფერენციის პროგრამაში, სადაც ისაუბრებენ კომპანიის ზრდის სტრატეგიაზე და ევროპული ავიაციის მომავალზე. განხილვის თემებს შორის იქნება მოთხოვნის ტენდენციები, ბაზრის გაჯერება, მდგრადი განვითარება, ქსელის გაფართოება და აეროპორტებთან თანამშრომლობა. კონფერენციის პროგრამაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ავიაკომპანიების მაღალი რანგის აღმასრულებლები და ინდუსტრიის ლიდერები, მათ შორის ACI Europe-ის გენერალური დირექტორი, ოლივიე იანკოვეცი, Flyvbird-ის აღმასრულებელი დირექტორი, ტომისლავ ლანგი და IATA-ს რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი, რაფაელ შვარცმანი.
World Travel and Tourism Council-ის კვლევის მიხედვით, 2025 წელი იტალიაში ტურიზმისთვის რეკორდული იყო. პროგნოზის მიხედვით, 2035 წლისთვის საერთაშორისო ვიზიტორების ხარჯები 78 მილიარდ ევროს გადააჭარბებს, ხოლო სექტორის წვლილი ეკონომიკაში 282.6 მილიარდ ევროს მიაღწევს. რიმინი, რომელიც ემილია-რომანიას რეგიონში მდებარეობს, დაახლოებით 150,000 მოსახლეს ითვლის. რეგიონი ყოველწლიურად დაახლოებით 14.5 მილიონ ვიზიტორს მასპინძლობს და ევროპაში ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ მიმართულებად მიიჩნევა როგორც დასვენების, ისე ბიზნეს მოგზაურობისთვის.
„როგორც Routes-ის ღონისძიებების მრავალწლიანი მხარდამჭერი, მოხარულები ვართ, რომ Wizz Air იქნება Routes Europe-ის ოფიციალური ავიაგადამყვანი,“ — განაცხადა სტივენ სმოლმა, Informa-ს საჰაერო ტრანსპორტის ღონისძიებების ვიცე-პრეზიდენტმა. „კომპანიის ფართო ქსელი და ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებული მიდგომა სრულად ეხმიანება ღონისძიების მიზანს — ჩამოაყალიბოს რეგიონის საჰაერო კავშირის მომავალი.“
„მოხარულები ვართ, რომ Routes Europe 2026-ის ოფიციალური ავიაგადამყვანი ვართ — განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც იტალიაში ჩვენი ყველაზე მასშტაბური ოპერაციები იგეგმება. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი ერთგულების გასაძლიერებლად როგორც იტალიის, ისე რეგიონის მიმართ. Wizz Air, ევროპის საიმედო ავიაკომპანია, ცვლის იმას, რასაც მოგზაურები დაბალბიუჯეტიანი ავიაციისგან ელოდებიან და სთავაზობს მათ მეტ მიმართულებას, უფრო მეტ ეფექტურობასა და მუდმივად დაბალ ტარიფებს. Routes Europe აერთიანებს პარტნიორებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ამბიციას, გავაძლიეროთ კავშირები და გავხსნათ ახალი შესაძლებლობები ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარებისთვის იტალიაში, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ და ჩვენ მოუთმენლად ველით ამ მნიშვნელოვან დიალოგში ჩვენი წვლილის შეტანას.”— იან მალინი, Wizz Air-ის კომერციული დირექტორი.
Routes Europe 2026 გაიმართება 18–20 მაისს Palacongressi Rimini-ში.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 262 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა სასურველი არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. ავიაკომპანია airlineratings.com-ის მიერ დასახელებულია მსოფლიოს ათ ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიას შორის, ხოლო Air Transport Awards-ის მიერ აღიარებულია „წლის ავიაკომპანიად” 2019 და 2023 წლებში. ამასთან, კომპანია World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში 2021–2025 წლებში დასახელდა, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია”, ხოლო 2025 წელს ავიაციის ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მიერ წარმოდგენილ ძირითად ავიაკომპანიების ემისიების რეიტინგში ლიდერობდა ემისიების ინტენსივობის შემცირების მიმართულებით გაწეული საქმიანობის წყალობით.
Wizz Air დასახელდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად ეფექტიან ავიაკომპანიად Cirium-ის მიერ და ასევე მიიღო 2025 წლის „მდგრადი ავიაკომპანიის“ჯილდო Airline Economics-ისგან.
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია