Met Gala 2026: მოდის მთავარი მოვლენა, რეკორდული ქველმოქმედება და ვარსკვლავური სკანდალები
- 05.05.2026
ნიუ-იორკში წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდის ღონისძიება, Met Gala 2026 გაიმართა. წლევანდელი საღამოს თემატიკა გახლდათ „მოდა - ეს ხელოვნებაა“.
სტუმრებს შესთავაზეს, საკუთარი სამოსისთვის ისე შეეხედათ, როგორც მხატვრულ განაცხადისთვის, კოსტიუმების ინსტიტუტის დარბაზებში კი პარალელურად გაიხსნა გამოფენა, სადაც ცნობილი დიზაინერების ნამუშევრები კლასიკური ფერწერის ნიმუშების გვერდით არის წარმოდგენილი.



მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ მეტ გალას რამდენიმე გამორჩეული სახე დააკლდა - მათ შორის ზენდაია, რომელმაც გადატვირთული გრაფიკისა და პირადი ცხოვრების გამო პაუზა აიღო - საღამომ მაინც მოახერხა რეკორდული 42 მილიონი დოლარის შეგროვება მეტროპოლიტენ-მუზეუმისთვის.



ვინ მიიპყრო ყურადღება "მწვანე ხალიჩაზე"?
წელს ტრადიციული წითელი ხალიჩა მწვანე ფერით ჩანაცვლდა, მასზე პირველები კი ანა ვინტური, ნიკოლ კიდმანი და ლორენ სანჩესი გამოჩნდნენ.

განსაკუთრებული განხილვის საგნად იქცა ჯეფ ბეზოსის მეუღლე, ლორენ სანჩესი. მიუხედავად იმისა, რომ წყვილის მასპინძლობის სტატუსს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ლორენმა მოახერხა ინტელექტუალური მოდის დემონსტრირება.
მას Schiaparelli-ს შავი, ღრმა დეკოლტეიანი კაბა ეცვა, რომელიც ჯონ სარჯენტის ცნობილ ტილოს - „მადამ იქსის პორტრეტს“ - ეხმიანებოდა. ეს იყო ერთგვარი მინიშნება ისტორიულ სკანდალზე, რომელიც თავის დროზე ამ ნახატმა გამოიწვია.
ნიკოლ კიდმანმა ხალიჩაზე ქალიშვილი, სანდეი გამოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას სტილი დადებითად შეფასდა, თავად ნიკოლს სოციალურ ქსელებში „დაუნდობელი“ კომენტარები არ აკლდა - კრიტიკოსები მსახიობის ვარცხნილობასა და პარიკს უწუნებდნენ.
მოულოდნელი ტრანსფორმაციები
ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა კეტი პერი, რომლის ცნობა გრიმისა და არაორდინალური იმიჯის გამო თითქმის შეუძლებელი იყო. კარა დელევინმა კი, რომელიც ჩვეულებრივ ექსტრავაგანტული კოსტიუმებით გამოირჩევა, ამჯერად Ralph Lauren-ის გოთიკურ, დახვეწილ შავ სამოსზე გააკეთა არჩევანი.

რა თქმა უნდა, საღამოს არ აკლდა თამამი ლუქებიც. ირინა შეიკმა არჩევანი მაქსიმალურად ღია სამოსზე შეაჩერა, რომელიც ბიუსტჰალტერ-ტოპისა და დაბალწელიანი ქვედაბოლოსგან შედგებოდა.

მოდელს გადაადგილება უჭირდა, თუმცა მისმა ეფექტურმა ვიზუალმა და უამრავმა სამკაულმა ფოტოგრაფების სრული ყურადღება მიიპყრო.
Met Gala 2026-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოდა მხოლოდ ტანსაცმელი არ არის - ის არის პოლიტიკა, სოციალური განაცხადი და, პირველ რიგში, დიდი ხელოვნება.







ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია