ბრედ პიტის „ყველაზე საშინელი ზაფხული“, რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის ოცნების შვებულება იქნებოდა
- 21.06.2026
მოდელი შეყვარებული, ეგზოტიკური ცხოველები და ვილა ჰოლივუდში - ბრედ პიტის ყველაზე უცნაური დეპრესიის ისტორია
წარმოიდგინეთ ცხოვრების ყველაზე რთული, დეპრესიული პერიოდი. წარმოიდგინეთ? - ახლა ნახეთ, როგორია ეს პერიოდი ბრედ პიტის გაგებით:
1994 წლის ზაფხულში ის ჰოლივუდის ბორცვებზე, ლეგენდარული მსახიობის, ეროლ ფლინის ძველ, მინის კედლებიან მდიდრულ სახლში ცხოვრობდა. სახლში 40 ქამელეონი ჰყავდა, დღეში 4 ჭიქა ყინულიან კოკა-კოლას სვამდა, საჭმელს საერთოდ არ ჭამდა, მარიხუანას ეწეოდა და მთელი დღე ტელევიზორში ოჯეი სიმპსონის გახმაურებულ სასამართლო პროცესს უყურებდა.
ჰო, და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ცნობილ მოდელს ხვდებოდა.

ბრედ პიტი ამ პერიოდს თავისი ცხოვრების ყველაზე „ბნელ და არაჯანსაღ“ წერტილად მიიჩნევს.
„საოცრად უცნაური ზაფხული მქონდა,“ - გაუზიარა პიტმა მსახიობ დექს შეპარდს მის პოდკასტში Armchair Expert.
„მაშინდელ შეყვარებულს ქვეწარმავლები უყვარდა. ჰოდა, 40 ქამელეონი ვიყიდეთ. მთელი სახლი ერთი დიდი ტერარიუმი გახდა. საშინელი დრო იყო, უბრალოდ რეალობიდან გათიშვა მჭირდებოდა. გავიღვიძებდი, ბონგს მოვწევდი, ოთხ ყინულიან კოკა-კოლას დავლევდი, არაფერს ვჭამდი და მთელ დღეებს ტელევიზორთან, ოჯეის სასამართლოს ყურებაში ვატარებდი.“

გოგონა, რომლის სახელიც მსახიობმა არ ახსენა, სავარაუდოდ ჩეხი მოდელი იტკა პოჰლოდეკია, რომელსაც ის 90-იანების შუა ხანებში ხვდებოდა. ამბობენ, რომ გოგო პიტთან ორ ფოცხვერთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად, ქამელეონებიც ერთად მოაშენეს, ხოლო როცა დაშორდნენ, ხვლიკები ბრედს დარჩა.

თანაც, ეს ის პერიოდია, როცა პიტი ახალი გადაღებული იყო ფილმში „შემოდგომის ლეგენდები“ (რამაც ის სექს-სიმბოლოდ აქცია) და ემზადებოდა ფილმისთვის „შვიდი“ (რამაც სერიოზულ მსახიობად აქცია).
მოკლედ, მდიდრული ვილა, ეგზოტიკური ცხოველები, მოდელი შეყვარებული, მარიხუანა, ცივი კოკა-კოლა და მთელი დღე დასასვენებლად. ბრედ პიტისთვის ეს „ფსკერი“ იყო, ჩვენთვის კი - იდეალური შვებულება!
თემები: ბრედ პიტი, ვარსკვლავები
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია