მშობლები

როგორ დავეხმაროთ თინეიჯერებს თვითშეფასების ამაღლებაში

როგორ დავეხმაროთ თინეიჯერებს თვითშეფასების ამაღლებაში

ჩვენი შვილები გარესამყაროს, ურთიერთობებისა და საკუთარი თავის სხვა თვალით დანახვას მაშინ იწყებენ, როცა დამოუკიდებელი აზროვნება უყალიბდებათ. როცა მათი შეხედულებები შორდება მშობლებისას და დაუძლეველი სურვილი უჩნდებათ, თავად შექმნან, თავად იფიქრონ და თავად გადაწყვიტონ. ეს თინეიჯერობის ასაკში ხდება და ის ერთ-ერთი ყველაზე რთული ასაკია, როგორც მოზარდთათვის, ასევე ჩვენთვის, მშობლებისთვის. სწორედ ამ ასაკში მიცემული სწორი მიმართულებები განსაზღვრავს მათ მომავალს.

სირთულეებს იწვევს თვითშეფასებასა და პიროვნების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კრიზისი, რომელიც ბავშვების უმრავლესობას 12-დან 17-წლამდე უჩნდება. სწორედ ამ ასაკში იჩენს თავს საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება, რაც თანდათან დანაშაულის გრძნობასა და საბოლოოდ საკუთარი სხეულის სიძულვილში გამოიხატება.

როგორ დავეხმაროთ თინეიჯერებს თვითშეფასების ამაღლებაში

ამ კომპლექსების მარტო დაძლევა ხშირად მოზარდთა შესაძლებლობებს აღემატება.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როგორ უნდა დაეხმაროს შვილს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულის დაძლევაში? გთავაზობთ ფსიქოლოგების რჩევებს:

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მოზარდებში თვითშეფასების გავლენა ბევრად მაღალია, ვიდრე ზრდასრულებში. ისინი გაცილებით ემოციურად უდგებიან ამ საკითხს და სერიოზულად განიცდიან. დღევანდელი სილამაზისა და გარეგნული სრულყოფილების აღქმა თითქმის ბოლომდე განსაზღვრა თანამედროვე მედიამ, რამაც მოზარდებში, როგორც გოგოებში, ასევე ბიჭებში, სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა გამოიწვია. ცნობილი ბრენდის, Dove-ის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, ასეთი სურათი მივიღეთ: მოზარდი გოგონების 19% ჭარბწონიანია, ხოლო 67% მიიჩნევს, რომ წონაში დაკლება ესაჭიროება. სწორედ ამ ციფრების მიღმა იმალება რეალური პრობლემები.

გოგოების უმრავლესობა წონაში დაკლებას არასწორი მეთოდებით ცდილობს (სპეციალური აბებისა და შიმშილის ხარჯზე), ხოლო ბიჭები ისეთ მედიკამენტებს იღებენ, რომლებიც კუნთების ზრდას უწყობს ხელს. მოზარდებში არსებული კომპლექსები იმის მიზეზი ხდება, რომ საზოგადოებაში ისინი თავს უხერხულად გრძნობენ და თანატოლებთან ურთიერთობასაც კი გაურბიან. ბავშვები, რომლებსაც გამუდმებით საყვედურობენ და ფიზიკურ ნაკლზე მიუთითებენ, აგრესიულები და ჩაკეტილები ხდებიან.

ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, დაეხმარონ თავიანთ შვილებს და ნუ იფიქრებენ, რომ ბავშვები საკუთარი ძალისხმევით გადალახავენ ამ პრობლემებს:

1. ესაუბრეთ შვილებს გულახდილად

როგორ დავეხმაროთ თინეიჯერებს თვითშეფასების ამაღლებაში

სანამ მოზარდ შვილებთან საუბარს დაიწყებდეთ, სასურველია, იცოდეთ, რა აწუხებს მათ. გაიხსენეთ თქვენი თავი მათ ასაკში. გაიხსენეთ, რა გაწუხებდათ და რას განიცდიდით. შესაძლოა, თქვენც მორცხვობდით, საკუთარი თავიც გძულდათ, ფიქრობდით, რომ ტლანქი და მოუქნელი ხართ, სულაც მსუქანი ან მახინჯი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ადამიანთა უმრავლესობა ბავშვობას სიხარულით იხსენებს, მათ ავიწყდებათ ყველა სირთულე და უსიამოვნება. სწორედ ამის გამო ფიქრობენ მოზარდები, რომ, თავიანთი მშობლებისგან განსხვავებით, არასწორად ცხოვრობენ. ნუ აფიქრებინებთ მათ, რომ მარტოები არიან და მხოლოდ მათ აქვთ პრობლემები. მოუყევით, რომ მათ ასაკში თქვენც ზუსტად ასევე გაწუხებდათ მსგავსი საკითხები.

2. შეაქეთ ხმამაღლა

როგორ დავეხმაროთ თინეიჯერებს თვითშეფასების ამაღლებაში

საუბრისას ყოველთვის აღნიშნეთ, როგორ ხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ, ხაზი გაუსვით მათ საუკეთესო მხარეებს. ეს არის ერთგვარი მხარდაჭერა, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ. თუ ბავშვი ხშირად არის დაცინვის სუბიექტი, ის თავის თავში იკეტება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სწავლობს საკუთარი თავის რწმენას.

გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება, მოუყევით, როგორ შეძელით, გადაგელახათ ყველა სირთულე, თავი დაგეღწიათ უარყოფითი გავლენებისგან და გამკლავებოდით კომპლექსებს.

შექებისას მხოლოდ მათ გარეგნულ მხარეზე ნუ გაამახვილებთ ყურადღებას! გარდა გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლიმენტებისა, მათთვის სასარგებლოა მშობლების მხრიდან მათი დადებითი ქმედებების ხაზგასმაც. დააფასეთ მათი ძალისხმევა, რითიც მიზნის მიღწევას ცდილობენ, და არა შედეგი, რომელსაც აღწევენ. აუხსენით, რომ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს ან გვსურს. თუმცა, ისიც აუცილებლად უთხარით, რომ, თუ მარცხზე იქნებიან კონცენტრირებული, წარმატებას ვერასოდეს მიაღწევენ.

3. ნუ იქნებით მკაცრი საკუთარი თავის მიმართ

როგორ დავეხმაროთ თინეიჯერებს თვითშეფასების ამაღლებაში

მშობლებს უნდა გახსოვდეთ, რომ საკუთარი თავის გაკრიტიკება შვილების თანდასწრებით არასწორია. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას თქვენს წონაზე, თვალის ირგვლივ სიშავესა და სხვა გარეგნულ მხარეზე ქალიშვილების თანდასწრებით. მათი თანდასწრებით უმჯობესია, ისაუბროთ, რომ ძალიან ლამაზი ღიმილი და სიარულის მანერა გაქვთ. გაუზიარეთ თქვენი მოზარდობის პერიოდის ამბები, უთხარით, რომ თქვენც უკმაყოფილო იყავით საკუთარი გარეგნობით, მაგრამ როგორ შეგეცვალათ შეხედულებები. აუცილებელი მომენტია, შვილები ხედავდნენ, რომ თქვენს თავზე ზრუნავთ და აფასებთ.

4. ჩამოუყალიბეთ ღირებულებათა სისტემა

როგორ დავეხმაროთ თინეიჯერებს თვითშეფასების ამაღლებაში

აუხსენით შვილებს, რომ ადამიანების გარეგნობის მიხედვით შეფასება ზედაპირულია. ნუ გააკრიტიკებთ სხვებს თქვენი შვილების თანდასწრებით. ისინი არ უნდა იყვნენ მსგავსი საუბრების მონაწილენი და სასურველია, არც არასდროს შეესწრონ. მოზარდის გონება მყისიერად ითვისებს მსგავს რამეებს და სხვებისკენ მიმართულ კრიტიკას პროვოცირებს.

განუმარტეთ, რომ ადამიანებს განსაკუთრებით გამოგვარჩევს არა გარეგნული მხარე, არამედ ჩვენი პიროვნული ღირსებები. უთხარით, რომ გარეგნულ მხარეზე ყურადღების გამახვილებით, ჩვენ სტერეოტიპულ სისტემაზე დამოკიდებულები ვხდებით. ამის შედეგად კი ადამიანებმა შესაძლოა, რეალური ცხოვრების შანსი დავკარგოთ, დაწესებული ნორმების, საზოგადოებისთვის მიღებული პარამეტრებისა და იდეების წყალობით.

5. იპოვეთ უპირატესობები

როგორ დავეხმაროთ თინეიჯერებს თვითშეფასების ამაღლებაში

ერთი მხრივ, მოზარდებს სურთ, იყვნენ ისეთები, როგორიც ყველაა. მეორე მხრივ, მათ სურთ, სხვებისგან გამოირჩეოდნენ. ასწავლეთ თავიანთი შესაძლებლობებით კმაყოფილება და სიამაყე, განსაკუთრებით საკუთარი ღირსების სიყვარული. ჰკითხეთ, მეგობრებსა და ოჯახის წევრებში რას ხედავენ უნიკალურსა და განსხვავებულს. იქნებ თავადაც იპოვონ თავიანთი დადებითი თვისებები და ისწავლონ მათი ხაზგასმა.

აქაც აქცენტი პიროვნულ ღირსებაზე გააკეთეთ, შინაგან სამყაროსა და მის თვისებებზე, ინტერესებზე, გატაცებებსა და შესაძლებლობებზე.

6. დაარწმუნეთ, რომ იდეალური არავინაა

როგორ დავეხმაროთ თინეიჯერებს თვითშეფასების ამაღლებაში

აუხსენით შვილებს, რომ მედიასაშუალებები, სარეკლამო პლაკატები სილამაზესა და მოდის ტენდენციებზე არ წარმოაჩენს ადამიანებს ბუნებრივად. აუხსენით, რომ ეს ყველაფერი სარეკლამო პროდუქტის შესაძენადაა განკუთვნილი. გაუკეთეთ დემონსტრირება იმას, როგორ შეიძლება თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით გამოსახულების შეცვლა.

დაეხმარეთ მათ, განივითარონ კრიტიკული ხედვა, რომელიც საჭირო სკეპტიციზმის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. განიხილეთ, სამართლიანია თუ არა ჩვეულებრივი და სარეკლამო ბანერებიდან მომზირალი ადამიანების ერთმანეთთან შედარება და აღნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც განსაკუთრებულს გვხდის.

7. მიეცით არჩევანის თავისუფლება

როგორ დავეხმაროთ თინეიჯერებს თვითშეფასების ამაღლებაში

ხელი შეუწყვეთ თქვენი შვილების მცდელობას, გამოხატონ თავიანთი თავი. ხშირად ჰკითხეთ მათ, რა სურთ და მიეცით არჩევანის თავისუფლება. ეს მათ შანსს აძლევთ, განივითარონ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა, რაც სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.psychologies.ru/roditeli/teenagers/kak-pomoch-rebenku-povyisit-samootsenku/?utm_source=ofsys&amp;utm_medium=email&amp;utm_campaign=16.10.2016" target="_blank">www.psychologies.ru</a>