გარდა იმისა, რომ მსოფლიოში არსებული კულტურები ერთმანეთისგან განსხვავდება ისტორიით, კანონმდებლობით, შემოქმედებითი და ლიტერატურული მემკვიდრეობით, ასევე გამოირჩევა თავისი სამზარეულოთი და კვების თავისებურებებით. ძალიან ბევრ კულტურაში კვების თავისებურება საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და სწორედ ამით იცნობს მათ მსოფლიო.
ყველა კულტურას აქვს განსაკუთრებული კვების წესი, რაც ადამიანებს ჯანმრთელობასა და ჯანსაღ წონას უნარჩუნებს. მოემზადეთ!
18. ნიდერლანდები: მეტი ქაშაყი
ისეთი ცხიმიანი თევზი, როგორიც ქაშაყია, რამდენიმე მიზეზის გამო, ძალიან სასარგებლოა. შეიცავს ძალიან ბევრ ომეგა-3 მჟავებს, რომელიც ამცირებს სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის რაოდენობას სისხლში. ეს ჰორმონი, მეორე მხრივ, ცნობილია, როგორც თავის თავში უამრავი ცხიმის შემნახველი ჰორმონი. არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით მიირთმევთ ქაშაყს, იქნება ეს კონსერვი თუ შემწვარი, ნებისმიერ შემთხვევაში ბევრად ნაკლებ კალორიას მიიღებთ, ვიდრე ბურგერებისა და თუნდაც თევზის ჩხირების ჭამისას. მთავარია, არ დაგვავიწყდეთ საღეჭი რეზინი :)
17. ფინეთი: ნორვეგიული ტრადიციების კვალდაკვალ
ფინეთშიც, ისევე როგორც ნორვეგიაში, ძალიან უყვართ ქალაქგარეთ გასვლა და ბუნებაში კარვებით სიარული. ეს უკანასკნელი მათი საყვარელი აქტივობაც კია. ამისთვის კი საჭიროა მხოლოდ იაფი ფეხსაცმელი, რომლითაც მსუბუქად ივლით. თუ ზამთარ-ზაფხულ სისტემატურად მოაწყობთ ქალაქგარეთ გასვლებს დასვენების დღეებში, დაეხმარებით ორგანიზმს ზედმეტი კალორიების მოშორებაში და ამით ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებთ.
16. საფრანგეთი: ისხედით დიდხანს და ისაუბრეთ ბევრი
საფრანგეთში, ძირითადად, სახლში იკვებებიან, სადილობენ ოჯახთან ერთად. საშუალოდ 92% ფრანგი ოჯახებისა, საღამოობით ერთად სადილობს. „ფრანგებისთვის სადილი, დღის მთავარი ღონისძიებაა“, – ამბობს ექიმი პასკატორე. ჩვენთან კი, ეს ტრადიცია მხოლოდ დღესასწაულებზე ცოცხლდება. ფრანგები თითქმის მთელი საღამო ვახშმობენ, თუმცა, ძირითადად, საუბრობენ. ამის გამო ცოტას ჭამენ. ისინი ჭამის პროცესშივე ინელებენ მიღებულ საკვებს და არასოდეს მიირთმევენ იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად სურთ.
15. მექსიკა: ისადილე კარგად
საღამოს კვების ნაცვლად, როცა კალორიების დაწვის შანსი აღარ არსებობს, მექსიკელები ყველაზე მეტს, როგორც წესი, სადილის დროს მიირთმევენ. დაახლოებით შუადღის 2-4 საათამდე. თუ ღამით არ ჭამთ, მშიერს გეღვიძებათ. შესაბამისად, ნოყიერადაც საუზმობთ. ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, რათა შეინარჩუნოთ და აკონტროლოთ წონა. ცხიმების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი წესია კალორიების დიდი ნაწილის მიღება საუზმისა და ლანჩის დროს.
14. იაპონია: ძილის მაგიური ძალა
მსოფლიოს უსწრაფეს ქვეყანაში „ადამიანების უმრავლესობა 20-30-წუთიანი ძილისთვის ყოველთვის პოულობს დროს“, – ამბობს ჯეიმს მაასი, ძილის საკითხების მკვლევარი. ქრონიკული უძილობა იწვევს წონაში მომატებას, რისი მიზეზიც შესაძლოა, იყოს შემდეგი: თუ გამოძინებული ხარ, გამოიყოფა პროტეინი, რომელიც გონებას მუშაობაში ეხმარება, ხოლო უძილობისას წარმოიქმნება გრელინი, რომელიც იწვევს შიმშილს. „ადამიანებს ჰგონიათ, რომ შიათ, როცა რეალურად ეძინებათ. მათ მხოლოდ თვალის მოხუჭვა ესაჭიროებათ“, – ამბობს მკვლევარი მაასი.
13. ინდოეთი: დაიხლართე
ძალიან ბევრი ადამიანი კეთილგანწყობილია იოგის, მისი სტრესსაწინააღმდეგო ძალისა და მოქნილობის მიმართ, მაგრამ ყველა მათგანი ვერ აანალიზებს, რომ იოგა წონის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს. ბოლო კვლევების მიხედვით, იოგა, სხვა ვარჯიშებთან შედარებით, თითქმის ყველაზე მეტად იწვევს სხეულის წონის შემცირებას. ამას არაერთი მიზეზი აქვს. საუკეთესო შედეგს მაშინ მივიღებთ, თუ დილაობით ვივარჯიშებთ. ამ შემთხვევაში იოგა ნივთიერებათა ცვლის პროცესსაც დააჩქარებს.
12. ნორვეგია: უიქენდი ოჯახთან ერთად
ნორვეგიელებს ტრადიციად აქვთ: კვირა დღეს ყველა, დაწყებული ახალშობილით, დამთავრებული ბებია-ბაბუით, აწყობს პიკნიკს ქალაქგარეთ. პიკნიკებს ძირითადად ზაფხულში გეგმავენ, ზამთარში კი მას სათხილამურო თავგადასავლები ანაცვლებს. შეადარეთ ნორვეგიელები ტიპურ ამერიკელებსა და მათ ყოველდღიურობას. კვირაობით ამერიკელები თითქმის მთელი დღის განმავლობაში, საკვებით მომარაგებულები, ტელევიზორებს უსხედან და ფეხბურთს და სხვა სპორტულ თამაშებს უყურებენ. დანერგეთ ნორვეგიული ტრადიცია თქვენს ოჯახში. სახლის მიმდებარედ მაინც შეხვდით ოჯახის წევრებს და გაისეირნეთ.
11. უნგრეთი: მიირთვი მეტი მარინადი/მჟავე
უნგრელებს უყვართ მწნილი. არა მხოლოდ კიტრისა და გრძელი წიწაკის, არამედ კომბოსტოსა და პომიდვრის მწნილებიც. ძმარი, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება დასამწნილებლად, ადამიანებს საშუალებას აძლევს, სასურველი წონა შეინარჩუნონ. ამის შესახებ არსებული მოსაზრებები დღითი დღე იზრდება და ამტკიცებენ, რომ ძმარი ამცირებს არტერიულ წნევას, აბალანსებს შაქრის რაოდენობას სისხლში და ამცირებს ცხიმების რაოდენობას. თუ მწნილი ოდნავ მაინც გიყვარს, დაამზადე სალათები მისგან, ცოტა ზეთითა და ძმრით.
10. სამხრეთ აფრიკა: როიბოსის ჩაი
როიბოსის ჩაით შეგიძლიათ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისიამოვნოთ. ის გაცილებით ჯანსაღია, ვიდრე მწვანე ჩაი და გემოც უფრო ტკბილი აქვს. მას არ სჭირდება შაქრის დამატება. უარი თქვით კაპუჩინოებსა და ამერიკანოებზე და გადადით როიბოსის ჩაიზე, რომელიც თვის განმავლობაში ათასობით კალორიას წვავს. „ქვეყნებში, რომელთაც ჩაის კულტურა აქვთ, თითქმის არ გვხვდებიან ჭარბწონიანი ადამიანები“, – ამბობს ბუნებრივი მედიცინის ექსპერტი ფრედ პესკატორი, – „ამის განმაპირობებელი შესაძლოა, იყოს ნაერთები, მაგალითად კატეხინები, რომლებსაც ჩაი შეიცავს. ან ის მიზეზი, რომ მაშინ, როცა რეალურად გაუწყლოება გვაწუხებს, ვფიქრობთ, რომ გვშია“.
9. მალაიზია: დაამატე კურკუმა (ყვითელი კოჭა)
კურკუმა, იგივე ყვითელი კოჭა, არის სანელებელი, რომელიც მალაიზიის ჯუნგლებში იზრდება. სანელებლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტია კურკუმინი, რომელიც ცხიმის წინააღმდეგ ბრძოლის ძლიერი საშუალებაა. ტაფტის უნივერსიტეტის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ თაგვებს, რომლებსაც ყელის არეში ცხიმების მაღალი შემცველობა აწუხებდათ, აჭმევდნენ საკვებს კურკუმითა და მის გარეშე. თაგვების ერთ ნაწილს რომელიც სანელებლიანი საკვებით იკვებებოდა, ცხიმის რაოდენობა საგრძნობლად შეუმცირდა, იმ თაგვებთან შედარებით, რომლებსაც სანელებლის გარეშე დამზადებული საკვებით კვებავდნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სანელებელში შემავალი ნივთიერება თრგუნავს ცხიმის ქსოვილს და აჩქარებს ცხიმის წვის პროცესს.
8. რუსეთი: სახლი ქალაქგარეთ
სახლები ან აგარაკები ქალაქგარეთ, სადაც ქალაქის მოსახლეობის 51% დასვენების დღეებსა და ზაფხულის არდადეგებს ატარებს, თითქმის ყოველთვის ბაღსა და ბოსტანთან ასოცირდება. რუსებს თავიანთსავე ეზოებში მოჰყავთ ბოსტნეული და ხილი. შემდეგ ისინი ამ ბოსტნეულსა და ხილს აკონსერვებენ. ეს ტრადიცია კი მათი კვების რაციონს განსაკუთრებით ღირებულს ხდის და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ თითქმის არ არსებობს ისეთი რამ, რასაც ბოსტანსა და ბაღში მოიყვან, არაჯანსაღი აღმოჩნდება და გაგასუქებს.
7. შვეიცარია: სცადე მიუსლი
მიუსლი არის მარცვლეულის ფაფა, რომელიც შვრიის ფანტელებისგან მზადდება, შეიცავს ხილის ჩირსა და თხილს. ფაფა უზრუნველყოფს ჯანსაღ წონასა და ჯანმრთელობას. მიუსლი შვეიცარიელი ექიმის მიერ დაახლოებით ასი წლის წინათ შეიქმნა კვებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის. თუმცა, შვეიცარიელები მას დღემდე იყენებენ საუზმედ და საღამოს მსუბუქად ვახშმობენ. მიუსლის საკვები ბოჭკოები საჭმლის მონელების პროცესს ანელებს და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ იწვევს შიმშილის გრძნობას. შეძენისას დააკვირდით მის შემადგენლობას: შაქრის შემცველობა 2-14 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.
6. ნიდერლანდები: ჩაანაცვლე გაზქურა ველოსიპედით
ველოსიპედების რაოდენობა ნიდერლანდებში (18 მილიონი) გაცილებით მეტია, ვიდრე ადამიანების (16.5 მილიონი). თუმცა, ამერიკელებისგან განსხვავებით, რომლებსაც ველოსიპედები, უბრალოდ, ავტოფარეხებსა და სარდაფებში უყენიათ, ნიდერლანდელები მათ იყენებენ. ნიდერლანდების მოსახლეობის 54% ველოსიპედით სარგებლობს ყოველდღიურ ცხოვრებაში, დადის როგორც შოპინგზე, ასევე სამსახურში. საშუალოდ, ნიდერლანდელები წელიწადში 865 კმ-ს ველოსიპედით გადიან. ნიდერლანდელებისთვის ველოსიპედი გადაადგილების იმდენად მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომ შუქნიშნებიც კი მათ სიჩქარეს ემთხვევა. სცადეთ ველოსიპედით მოძრაობა თქვენს ქალაქში, ან, უბრალოდ, სახლის მიმდებარედ ისეირნეთ. თუ საშუალო წონის ბრძანდებით და ველოსიპედით ისარგებლებთ, ზომიერი ტემპით მოძრაობის შემთხვევაში, 550 კალორიას დაწვავთ საათში.
5. გერმანია: მიირთვი საუზმე
გერმანელების 75% ყოველდღიურად საუზმობს, ამერიკელების კი – მხოლოდ 44% პროცენტი. შთამბეჭდავია არა? თუმცა, ისინი არ ამზადებენ ომლეტებს, უპირატესობას ანიჭებენ ხილს, მარცვლეულსა და პურს. ექსპერტები კვების საკითხებში დიდი ხნის განმავლობაში ურჩევდნენ ადამიანებს, არ გამოეტოვებინათ საუზმე, თუმცა უახლესმა კვლევებმა საუზმის მნიშვნელობა გაცილებით უკეთ წარმოაჩინა. ბრიტანელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ საუზმობ, ტვინის ცენტრი გაცილებით მკვეთრ სიგნალს აძლევს სხეულს მაღალკალორიული საკვების დანახვისას და გაცილებით მეტად გინდება მსგავსი საკვები დღის განმავლობაში.
4. პოლონეთი: მიირთვი სახლში უფრო ხშირად, ვიდრე გარეთ
პოლონელები ოჯახის ბიუჯეტის მხოლოდ 5% ხარჯავენ სახლს გარეთ კვებაში. ამერიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, ამერიკელების უმრავლესობა ოჯახის ბიუჯეტის 37%-ს რესტორნებსა და სწრაფი კვების ობიექტებში ხარჯავს. იმისთვის, რომ ფული დაზოგოთ, გამოთვალეთ, რამდენად ხშირად იკვებებით სახლს გარეთ და დაახლოებით რამხელა დანახარჯი გამოგდით თვიურად. „ადამიანები, რომლებიც სახლში არ ამზადებენ და გარეთ იკვებებიან, გაცილებით არაჯანსაღ საკვებს მიირთმევენ და წონაშიც უფრო მარტივად იმატებენ. ფაქტობრივად, საზოგადოებაში საკვების სახლში მომზადების კულტურა გაქრა, რამაც ჭარბწონიანობა განაპირობა“, – ამბობს ჟურნალისტი და აქტივისტი მაიკლ პოლანი.
3. ინდონეზია: სცადე, იშიმშილო გარკვეული დროით
ამ ქვეყნის წამყვანი რელიგია ისლამია, რომელიც პერიოდულად მარხვას მოითხოვს: არანაირი სასმელი და არანაირი საკვები დილიდან დაღამებამდე. ინდონეზიაში არსებობს მარხვის სხვა პრაქტიკაც, რომელსაც მუთიჰს უწოდებენ და რომელიც მარხვის პერიოდში მხოლოდ წყლითა და თეთრი ბრინჯით კვების საშუალებას იძლევა. ექსპერტები მარხვას რეკომენდირებენ წონაში დაკლების მიზნით. „მარხვას შეუძლია, დაარღვიოს გაუაზრებელი კვების რეჟიმი, – ამბობს ჰილი. მისივე თქმით, ამერიკელების უმრავლესობას თითქმის არასოდეს შია. ამერიკელები ხელმეორედ ჭამენ მაშინ, როცა ჯერ პირველი საკვები არ აქვთ მონელებული. ზედმეტი თავშეკავება არ არის სასურველი, უმჯობესია კალორიების შემცირება დღის განმავლობაში.
2. ბრაზილია: ლობიო და ბრინჯი ერთად
ულამაზესი და მოქნილი სხეულებით მოძრაობა კარნავალებზე არ არის რიოს ერთადერთი ტრადიცია. ბრაზილიელების ლამაზი სხეულის საიდუმლო მათი ტრადიციული კერძია, რომელსაც თითქმის ყველა სახის საკვებთან ერთად მიირთმევენ. ჟურნალ „სიმსუქნის კვლევაში“ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დიეტა ძირითადად ბრინჯისა და ლობიოსგან შედგება, რომლებიც, ტიპური დასავლური სამზარეულოსგან განსხვავებით, დაახლოებით 14%-ით ამცირებს ზედმეტი წონის რისკს. ამას განაპირობებს აღნიშნული მარცვლეულების დაბალცხიმიანობა და საკვები ბოჭკოს მაღალი შემცველობა. ეს ყოველივე არეგულირებს შაქრის რაოდენობას სისხლში. კვების ეს მეთოდი სხეულის სასურველ ფორმებს განაპირობებს.
1. ტაილანდი: მეტი ცხარე!
ტაილანდური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცხარე სამზარეულოდ ითვლება. პილპილი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ „ცხარე საკვები ანელებს ჭამის პროცესს“, – აცხადებს „ამერიკელი საზოგადოება კვებისთვის“ ყოფილი პრეზიდენტი ჯეიმს ჰილი. „ამერიკელები იკვებებიან ძალიან სწრაფად, – ამბობს ის, – იმ დროისთვის, როცა ორგანიზმი გაძლევს მინიშნებას, რომ დანაყრდი, რეალურად არა დანაყრებული, არამედ მაძღარი ხარ. ნელი ჭამა საუკეთესო სტრატეგიაა წონაში დაკლებისთვის. ხოლო ცხარე საკვებით კვება მარტივი საშუალებაა ამის დასაბალანსებლად“.
თემები: დიეტა, ჯანსაღი კვება, ქვეყნები
წყარო: <a href="http://www.rd.com/health/diet–weight–loss/19–weight–loss–secrets–from–around–the–world/" target="_blank">www.rd.com</a>