LIFE

მეცნიერების საინტერესო აღმოჩენა: სიყვარული ტვინიდან მოდის და არა გულიდან

მეცნიერების საინტერესო აღმოჩენა: სიყვარული ტვინიდან მოდის და არა გულიდან

ჩვენი ცხოვრება, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ხდება. ადამიანური ინტერაქციის ნაკლებობას განვიცდით, რაც ძალიან გვაწუხებს. რომანტიკა თითქოს სადღაც გაქრა, ან, უკეთეს შემთხვევაში, ცისფერმა მონიტორებმა ჩაანაცვლა — პაემანზე დაპატიჟება ახლა ხომ მათი დამსახურებით ხდება. თუმცა, „მილენიუმის თაობის“ (80-90-იანებში დაბადებული) წარმომადგენლები პაემნებზეც არ ეშვებიან მობილურებსა და პლანშეტებში ძრომიალს და რომანტიკულ ატმოსფეროს WhatsApp-ში ჭორაობით აფუჭებენ.

ნებისმიერ ვარიანტში, ფაქტია, რომ ჩვენი სასიყვარულო ცხოვრება კრიზისს განიცდის. მაშინაც კი, როდესაც ახერხებ, ახალი ურთიერთობა ინტიმურ სტადიაში გადაიყვანო, ხვდები, რომ იქ სიყვარული აღარ არის. მაგრამ, კარგი ამბავი გვაქვს: მეცნიერებამ სპეციალური გზები შეიმუშავა, რომელთა დამსახურებითაც დაკარგულ რომანტიზმს აღიდგენ და სასიყვარულო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვალ.

საქმე იმაშია, რომ სიყვარული ტვინიდან მოდის და არა გულიდან, როგორც აქამდე გვეუბნებოდნენ. სწორედ ტვინი აკონტროლებს ჰორმონების წარმოქმნის პროცესებს, რაც, თავის მხრივ, ჩვენ ემოციებზე გავლენას ახდენს: ყოველთვის, როდესაც მუცელში „პეპლების“ შეგრძნება გეუფლება, მასზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ ტვინია. ასე რომ, თუ გსურს, ჯეინ ოსტინის ან შარლოტა ბრონტეს რომანის გმირი გახდე, საკუთარი გონება უნდა დაარწმუნო, ენდორფინების გამოყოფა გააძლიეროს, კორტიზოლის კი — მინიმუმამდე დაიყვანოს (ენდორფინი ჰორმონია, რომელიც ბედნიერების დროს გამოიყოფა, კორტიზოლი — სტრესის დროს).

ორგანიზმში ჰორმონების გამოყოფის პროცესი ცხოვრების სტილის შეცვლით შეგიძლია გააკონტროლო, ჩვენ მიერ შემოთავაზებულ წესებს ყოველდღიურად თუ დაიცავ:

აკონტროლე ორგანიზმის წყლის ბალანსი

მეცნიერების საინტერესო აღმოჩენა: სიყვარული ტვინიდან მოდის და არა გულიდან

ყავა და გაზიანი სასმელები დეჰიდრატაციას იწვევს, რაც, თავის მხრივ, უამრავი პრობლემის მიზეზი ხდება — თავის ტკივილით დაწყებული, უხასიათობით დამთავრებული. გვერწმუნე, შენ პარტნიორს ნამდვილად არ სიამოვნებს, გაბრაზებულს რომ გხედავს, ასე რომ, აკონტროლე წყლის ბალანსი: თუ ყავას დღეში რამდენიმეჯერ სვამ, მისი პორციები ჩაით ჩაანაცვლე, გაზიანი სასმელები კი — წყლით. გახსოვდეს: მინერალური წყლის მიღება წყლის ბალანსის შევსებას არ ნიშნავს: ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობით სუფთა, ჩვეულებრივი წყალი უნდა დალიო!

შეამცირე რძის პროდუქტების მიღება

ტესტოსტერონი ჰორმონია, რომელიც ვნების გაღვივებაში გეხმარება, რძის პროდუქტები კი ორგანიზმში მის დონეს საგრძნობლად დაბლა წევს (იგულისხმება საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია, რომლებიც ჰორმონალური საკვებით გამოკვებილი საქონლისგანაა მიღებული). ამიტომ, დაუვიწყარი ღამისთვის წინასწარ მოემზადე და დღის განმავლობაში ყველის და რძის სხვა პროდუქტების მიღება შეამცირე — თავისუფლად შეგიძლია, ისინი სხვა სასარგებლო პროდუქტებით ან ქართული წარმოების ალტერნატივებით ჩაანაცვლო. გახსოვდეს: ტესტოსტერონის გამოყოფას, რძის პროდუქტებს შორის, ყველაზე მეტად ყველი და იოგურტი აფერხებს.

ივარჯიშე სისტემატურად

ორგანიზმში ენდორფინების დონის ასაწევად ვარჯიში დაგეხმარება. თუმცა, ფიზიკური აქტივობები, ზოგადად, ჯანმრთელობისთვისაც ძალიან კარგია. გაირკვა, რომ ენდორფინების გამოყოფის სტიმულირებას ყველაზე კარგად ველოსიპედით სეირნობა ახდენს: კვლევებმა დაადასტურა, რომ ველოსიპედით 20-წუთიანი ვარჯიში ქალებში სექსუალური მოთხოვნილების ზრდას იწვევს. ასე რომ, სანამ პაემანზე წახვალ, ველოსიპედით ისეირნე!

გაიკეთე მასაჟი

მეცნიერების საინტერესო აღმოჩენა: სიყვარული ტვინიდან მოდის და არა გულიდან

სხეულზე სხვა ადამიანის შეხება ორგანიზმში ოქსიტოცინის დონეებს მაღლა წევს, ამიტომაც, მასაჟი სიამოვნების გახანგრძლივების საუკეთესო ხრიკია. მაქსიმალური ეფექტისთვის, მცენარეული ზეთები გამოიყენე: ლავანდა რელაქსაციას უწყობს ხელს; ჯინჯერი, ჟასმინი და დარიჩინი —აფროდოზიაკების ფუნქციას ასრულებენ. თუმცა, სასურველია, არომატების საკუთარი კომბინაცია შექმნა, რადგან სხვადასხვა ადამიანი ამა თუ იმ სუნზე განსხვავებულად რეაგირებს.

გახალისდი მუსიკით

მეცნიერების საინტერესო აღმოჩენა: სიყვარული ტვინიდან მოდის და არა გულიდან

მუსიკა და ცეკვა კაცობრიობის დასაბამიდან სიყვარულთან ასოცირდება. ამ მხრივ, არც დღევანდელი ეპოქაა გამონაკლისი: კვლევებმა დაამტკიცა, რომ მუსიკით სასიყვარულო განწყობის შექმნა სრულიად შესაძლებელია. შეიძინე მაღალი ხარისხის დინამიკები და ყოველდღიური, რუტინული საქმიანობისას კარგ მუსიკას უსმინე, ეს რომანტიკულ გრძნობებსაც აღგიძრავს და თანაც, ყველაფრის კეთება უფრო სახალისო მოგეჩვენება. თუ შენ პარტნიორს ცეკვა უყვარს, სცადე, საღამო სწორედ ამით დაიწყო. ცნობილია, რომ ცეკვისას ენდორფინების დონე იზრდება, კორტიზოლის კი — პირიქით, იკლებს და შესაბამისად, შეხების სურვილებს აღგიძრავს.

კარგად გამოიძინე

სასიყვარულო ცხოვრებაზე უძილობას საკმაოდ ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. როდესაც ორგანიზმს ძილი აკლია, კორტიზოლის დონე იზრდება, ტესტოსტერონის კი — იკლებს. შედეგად, სიყვარულის გრძნობა ქრება, რაც ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება. იმისათვის, რომ კარგად გამოიძინო, დარწმუნდი, საძინებელში საკმაოდ ბნელა თუ არა და რამდენად სუფთა ჰაერია. ინვესტიცია სქელ ფარდებსა და აბრეშუმის თეთრეულში ჩადე — სხვა თუ არაფერი, ტკბილ ძილს ნამდვილად იმსახურებ!



წყარო: <a href="http://www.lifehack.org/427985/unexpected-ways-to-take-your-love-life-to-another-level">lifehack.org</a>